აგვისტოს ბოლოს ჯერ ჩემს შვილებს მისცათ მაღალი სიცხეები, მერე " ნატვრა" ამიხდა და ისინი რომ დავაყენე ფეხზე მე ჩავწექი. საკმაოდ ცუდად ვიყავი. გადასხმები დამჭირდა. უძლურების და გაუსაძლისი თავის ტკივილის პიკში წარმოვიდგინე, თუმცა არა, ეს არ იყო წარმოდგენა, ცხადად ვიგრძენი როგორ ვიდექი ჩემი სოფლის განაპირას მდებარე " დედა მარიამის" ეკლესიის ეზოში. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვგრძნობდი, რომ სინამდვილეში ოთახში, საწოლში მწოლი, როგორ ვიდექი ეკლესიის ეზოში. მერე როგორ შემოვიდა მთლიან სხეულში ძალიან დიდი სითბო და სინათლე. თავი გაცილებით უკეთ ვიგრძენი. ამის მერე ყოველდღე უკეთ ვხდებოდი და მალე სრულად გამოვჯანმრთელდი.
რა თქმა უნდა ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა ავსულიყავი " დედა მარიამთან".
თითქმის ორი თვე გავიდა. შაბათი დილა იყო. რომ გამეღვიძა მზე უკვე ამოსული იყო და ოქტომბრის თბილი, ნათელი დღე იყო. ვიგრძენი, რომ ის დღე მოვიდა. მხოლოდ სანთლები წავიღეთ და მე და ჩემი შვილები წავედით. გზა ძალიან გაფუჭებული დაგვხვდა, ამიტომ მანქანა გავაჩერე. გზა ფეხით უნდა გაგვეგრძელებინა. თუმცა იმხელა ტალახი იყო, ფეხითაც ძალიან რთული ჩანდა გავლა. წუთიც არ იყო გასული, ცხენის ურმით და ორი დიდი ძაღლით ჩვენი სოფლელი ბიჭი რომ მოვიდა. ერთ ძაღლს ნამდვილად ეთქმოდა უზარმაზარი. თაზოს იმხელა ძაღლი არასოდეს ენახა, შეეშინდა და მანქანიდან გაუბედავად გადმოვიდა. ბიჭმა ძაღლი ურემს გამოაბა და წაყვანა შემოგვთავაზა. მაგრამ თაზო სასტიკ უარზე დადგა. ბოლოს შიში დაძლია და ოთხივე ურემზე დავჯექით. ტალახი გავიარეთ და გზა აღმართს შეუყვა. ჩასვლა დავაპირეთ, მაგრამ არ ჩაგვიშვა - ეკლესიამდე აგიყვანთო. ახალგაზრდა ცხენი იყო, კარგად გახედნილი და ღონიერი. ჯიუტად, თანაბარი ნაბიჯებით მიიწევდა აღმართზე. უკან ძაღლები მოგვყვებოდნენ ერთგულად. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იმ უზარმაზარ ძაღლზე გვითხრა - ჯერ ცხრა თვის ლეკვიაო. გზაზე თაზო მიხვდა, რომ ეს მხოლოდ ეკლესიის გზა იყო და ეს ბიჭი იქით მხოლოდ ჩვენს გამო წამოვიდა. - დედა, სად მიდის ეს ბიჭი? - მიჩურჩულა ყურში. - ალბათ გაიგო, გვითხრა, რომ ტყეში მიდიოდა წინა დღის დამზადებული შეშის ჩამოსატანად. - მე აღარ მეშინია- მიჩურჩულა ისევ ყურში.- ძალიან კარგი - ვუპასუხე.
მიგვიყვანა ეკლესიასთან. გული მადლიერებით აგვევსო. მადლობა ძლივს გვაცადა, მაშინვე უკან გაბრუნდა.
ეკლესიაში შევედით. სანთლები ავანთეთ. მარტონი ვიყავით. მე ხმამაღლა დავიწყე ლოცვა. ვამბობდი იმას, რითაც იმ წუთას სავსე იყო ჩემი გული და რისი თქმაც მთელი გულით მინდოდა ღმერთისთვის, მაცხოვარისთვის, დედა მარიამისთვის, ჩვენი მფარველი ანგელოზებისთვის. ტყის სიჩუმეს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა.
საერთოდ, ყოველთვის ჩუმად ვლოცულობ ხოლმე, გულში. ახლა ხმამაღლა იმიტომ დავიწყე ლოცვა, რომ ჩემს შვილებს გაეგოთ , რას სთხოვს ხოლმე მათი დედა ღმერთს. მინდოდა დამახსოვრებოდათ რა იყო ჩემთვის უმთავრესი და მე როცა აღარ ვიქნები, მათი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტში გაიხსენონ, საით წავიდნენ. ასე ვუტოვებ ვაჟას, გოდერძი ჩოხელის, სულხან - საბას და სხვათა წიგნებში ფანქრებით მინიშნებებს. მჯერა, რომ ისინი, ზუსტად მაშინ წააწყდებიან ამ მინიშნებებს, როცა ყველაზე მეტად დასჭირდებათ და როცა არჩევანის წინაშე დადგებიან - კაცობა, ადამიანობა და ღირსება თუ წარმავალი მატერიალური კეთილდღეობა უღირსად.
არაჩვეულებრივი ამინდი იყო. შემაღლებულ და გაშლილ ადგილას გავედით. ცა იყო ძალიან ღრმა და ლურჯი. ათასფრად აჭრელებული ფოთლები ტოტებზე ცახცახებდნენ. ირგვლივ კუნელი მწიფდა. ჩიტები მშვიდად ჭიკჭიკებდნენ, ისე არა, როგორც გაზაფხულზე. ეს არ იყო აჟიტირებული ჭიკჭიკი, როდესაც წინ უამრავი საქმე აქვთ. გიო ტრადიციულად ხეზე აცოცდა. ეს მისი საყვარელი ქცევაა, როცა ტყეში მივდივართ. მაღლიდან გადაჰყურებს ყველაფერს და " გვაბზიებს". ხეზე ხავსისა და ტალახისგან გაკეთებული ლამაზი, სიმეტრიული , მიტოვებული ბუდე იპოვა.
წამოსვლა აღარ გვინდოდა. ჩვენ სხვა სამყაროში ვიყავით, სადაც არ იყო ხმაური, შიში, ეჭვი, ბრაზი, შური. ეს სიმშვიდე და მადლიერება მთლიად შემოვიდა ჩვენს გულებში და არ გვინდოდა მასთან განშორება. თაზო მთელი დღე ემოციებით იყო სავსე და ვინც შეგვხვდა ყველას მოუყვა, როგორ ნახა უზარმაზარი ლეკვი, რომლის მსგავსი არასოდეს ენახა, როგორ აგვიყვანა ბიჭმა ეკლესიაში, რომელიც სხვა გზით მიდიოდა ( ეს ყველაზე შთამბეჭდავი იყო მისთვის) და ბოლოს როგორ იჯდა პირველად ცხენშებმულ ურემზე.
